ჩეხეთის აფორისტული საგანძურის რჩეული ნიმუშები, ხატოვანი თქმები და რჩეული აზრები პოეზიასა და პროზაში, ბრძნული გამონათქვამები.


ჩეხეთი

ჩეხეთი


იან ჰუსი – ჩეხეთი

იან ჰუსი (1369 – 1415)

დიდი ჩეხი რეფორმატორი, მქადაგებელი, პრაღის უნივერსიტეტის პროფესორი, თავისუფლებისათვის მებრძოლი. იმპერატორის უშიშროების სიგელის იმედით გამოცხადდა კონსტანცის ყრილობაზე, სადაც უმუხთლეს, შეიპყრეს და კოცონზე დაწვეს (შეეძლო უარეყო, მაგრამ მაშინ ჰუსი არ იქნებოდა). იქცა ეროვნული თავისუფლების დროშად. როგორც ლუთერმა გერმანული სალიტერატურო ენა, ჰუსმაც ჩეხური სამწერლო ენა შექმნა.

* * *

მორჩილება არ გვმართებს არც სასულიეროთა, არც საერო ხელისუფალთა, თუ ცოდვის მორევში დგანან და უსამართლობას ამკვიდრებენ. არც იმპერატორის! თქვენ ხომ ბალთაზარ კოსას მუხლებს უყრით, ფეხებს უკოცნიდით, უწმინდეს მამას უწოდებდით, თუმცა ჩემსავით იცოდით, რომ სამარცხვინო საქმეებს სჩადიოდა, იყო მკვლელი და სიმონისტი.

* * *

მე არ ვხედავ არჩევანს უარყოფასა და კოცონს შორის, ვხედავ მხოლოდ არჩევანს ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის. სიმართლის ერთგული ვრჩები სიკვდილამდე. განა რა უფლება მაქვს უარვყო უფლის ჭეშმარიტება რაღაც სასჯელის შიშით?

ჰუსი სამსჯავროზე

* * *

მე მსურდა ადამიანებისათვის სამართლიანობა დამემკვიდრებინა, და სამართლისათვის – რასაც ვასწავლიდი, ვწერდი, ვქადაგებდი – მზად ვარ მოვკვდე.

დავა პაპის ლეგატთან

* * *

მე არ ვაპირებ ჩემი სიმართლის უარყოფას. ნუ გეშინიათ მისი, ვინც სხეულს კლავს, გეშინოდეთ სიმართლის ხელყოფისა! ემსახურეთ სიმართლეს, იცოცხლეთ სიმართლისათვის, იბრძოლეთ სიმართლისათვის აღსასრულამდე, როგორც ვიბრძოდი და ვდგავარ აქ მე, მაგისტრი იან ჰუსი.

ჰუსის უკანასკნელი ქადაგება

* * *

ო, წმინდა უბრალოებავ! (ჰუსის სიტყვები კოცონზე, როცა ნახა, რომ უბირმა მოხუცმა ქალმა ცეცხლს ფიჩხი მიამატა. გამოთქმა საანდაზოდ იქცა: „ო, სანკტა სიმპლიციტას!“ (ლათ.).


კომენსკი – ჩეხეთი

იან ამოს კომენსკი (1592 – 1670)

დიდი ჩეხი პედაგოგი, სწავლების ახალი შინაარსი და ორგანიზაცია დაუპირისპირა შუა საუკუნეების სქოლასტიკას („დიდი დიდაქტიკა“, 1657 წ.).

* * *

სიბრძნის დაუფლება გვამაღლებს და გვაქცევს ძლიერ, დიდსულოვან ადამიანებად.

* * *

რა არის სახით ლამაზი რეგვენი, თუ არა ბუმბულით დამშვენებული თუთიყუში?

* * *

დროის ბრძნული განაწილება მოქმედების საფუძველია.

* * *

უბედურად ჩათვალე ის დღე და საათი, როცა ახალი არაფერი აგითვისებია და შენი ცოდნისათვის არაფერი მიგიმატებია.

* * *

იკითხო და ვერ გაიგო – იგივეა, არ იკითხო.

* * *

მხოლოდ ის არის ადამიანში მტკიცე და საიმედო, რაც მის არსებაში ცხოვრების პირველ პერიოდში დაინერგა.

* * *

წამდაუწუმ უნდა შევახსენოთ ახალგაზრდებს ოქროს წესი: არაფერი ზედმეტი! მოერიდონ ყველგან ყველაფერში ზედმეტობას.

* * *

არაფერია ისე ძნელი, როგორც ცუდად აღზრდილი კაცის ხელახლა აღზრდა.

* * *

იოლია სწორად მიყოლა იმისი, ვინც წინ სწორად მიდის.