ქართული სიბრძნის საგანძურიდან, გვერდი მეცამეტე.

ქართული სიბრძნის საგანძურიდან

ქართული სიბრძნის საგანძურიდან


ტიციან ტაბიძე – ქართული სიბრძნის საგანძურიდან

ტიციან ტაბიძე (1895 – 1937)

* * *

არც ერთი სიტყვა არ დამცდენია
მხოლოდ იმისთვის, ლექსი რომ მეთქვა;
როცა პწკარები პწკარებს დევნიან,
საკუთარ გულის მაშინებს ფეთქვა.

* * *

ათას სალამურს გააქვს გუგუნი,
ერთად ამღერდნენ გურიის მთები;
თუ ამ სიმღერით სიკვდილს მარგუნებ
არც სიკვდილისთვის დაგემდურები.

* * *

ხალხის დროშის ტარს ხელით ვატარებ,
ყველა დამკვრელთა მე ვარ მგოსანი,
მაგრამ დიდ პოეტს თავს არ ვადარებ,
ბავშვიც კი მჯობნის ფრიადოსანი.

* * *

იაკობ ხუცესს, მიქელ მოდრეკილს,
ლეონტი მროველს და ეფრემ მცირეს,
მთაწმინდის ბერებს, სიცოცხლის მთმობელს,
რომელსაც ქართვლის ენა მოპირეს,
ჩახრუხაძესა და სარგის თმოგველს,
სიტყვაულეველ თვითონ რუსთაველს.
ორ დიდ თეიმურაზს და არჩილ მეფეს,
გურამიშვილსა და საბა სულხანს;
ქართლის ცხოვრების მემატიანეს
და მოკალმასე ბერ იოანეს –
ყველას გეძახით, იყავით მოწმე,
დასტოვეთ თქვენი საფლავის დვირე –
მე არ მრცხვენია, დიდ ეპოქისა
ერთი საწყალი რომ ვარ მესტვირე.

* * *

დამისხით, ძმებო, დამალევინეთ,
ამივსეთ თასი წითელ ღვინოთი!
საქართველოში ბევრი მაგინეს, –
მიუმატებენ, რომ მე ვარ ლოთი.

* * *

მე არ ვწერ ლექსებს… ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

(ანალოგიური აზრი აქვს გოეთეს)

* * *

ჩემი სონეტი მოელოდა ეპითალამას*,
სიამის ტყუპი – სიამითაც ვიყოთ ტყუპები!
საქართველოს მზე გაანათებს სიცოცხლეს ლამაზს
მაშინაც, როცა პოეზიით დავიღუპებით.

შენიშვნა:

* ეპითალამასი (არა ეპიტალამა) – საქორწინო სიმღერა საბერძნეთში.

* * *

მაგრამ სიკვდილსაც, შავ სიკვდილსაც აქვს გაზაფხული –
საფლავის მტვერშიც მზეს უმღერებს პოეტის სული.

* * *

„ვეფხისტყაოსანი“ – უკვდავი ქებაა სიყვარულისა. ბალმონტი ამბობს, რომ სიყვარულის ყველა პოემებს მას ურჩევნია „ტრისტან და იზოლდა“, მაგრამ, – იქვე უმატებს, – პოემა რუსთაველისა არ არის ნაკლებ მშვენიერი; მე არ შემიძლია ნაკლები აღტაცება განვიცადო იმითიო. ზეშთაგონებით ამბობდა ბალმონტი რუსთაველის სიყვარულზე, თუ რა ცეცხლის ქარბუქით გაიარა სხვა ევროპელი გენიოსების გულში; ამბობდა, რომ სიყვარულის გრძნობაა, რითაც იზომება სიდიადე ერისა. რაც უფრო დიდია ძალა სიყვარულისა, რომელიც ერმა ჩადო თავის მგოსნის სულში, მით უმეტეს კეთილშობილია, მით უფრო ამაღლებულია ხალხი. ქართველნი ცოტანი არიან, მაგრამ რუსთაველის მოცემით შეიქნენ დიდებულ ერად.


კონსტანტინე გამსახურდია – ქართული სიბრძნის საგანძურიდან

კონსტანტინე გამსახურდია (1893 – 1975)

* * *

მხოლოდ მოკლე თქმაში გამოჩნდება ოსტატი.

* * *

თუ ქალის გულის მონადირება გინდა, მომეტებული ყურადღება არ უნდა მიაქციო.

* * *

ქალს სწორედ ისეთ დროს უნდა წაავლო ხელი, როცა ჭოჭმანს მოყვება.

* * *

ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს, ჩაათავებ და იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო!

* * *

ყველა დრო კარგია, თუ კაი თავი გაბია კაცს.

* * *

ყველაზე ადრე მწერი და ქვეწარმავალი შეიცნობს ხოლმე კაცთა ოჯახის იავარყოფას.

* * *

ყოველივეს, რასაც ბედი გვაძლევს, იგივე წაიღებს ბოლოს.

* * *

არავის იმდენი მტერი არა ჰყავს, რამდენიც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს.

* * *

ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად.

* * *

ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი.

* * *

ხალხი თუ გაძღა, ლოცვასაც მიატოვებს და შრომასაც.

* * *

არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი.

* * *

მლიქვნელთა თათბირი არც ერთ მეფეს არ გამოსდგომია.

* * *

ქედმაღლობა მეფეების უდიდესი უბედურებაა.

* * *

არავის ისე არ უჭირს სიბერის სენი, როგორც პოეტს, რადგან მასში ყველაზე ხანგრძლივად ცხოვრობს ბავშვი და ჭაბუკი.

* * *

ერთი ბომონი ვერ დაიტევს ორ კერპს.

* * *

ქვეყნად არც რაინდია ისეთი, რაიმეს წინაშე შიში არ ეგრძნოს, არც თუ ბრძენია, სადმე ერთხელ სისულელე არ ეთქვას.

* * *

გულფიცხობა მტერია ყოველგვარი წარმატებისა.

* * *

ურმით დადის ბედისწერა, რაც არ უნდა ირბინო, ბოლოს მაინც წამოგეწევა.

* * *

ლენცოფას ჯერ არსად მოუსხამს ვარდი.

* * *

ლომს, თუნდაც ცალთვალას, ვინ შეჰბედავს, ელამი ხარო!

* * *

სპილო ხორთუმითა კლავს მსხვერპლს, გველი – კოცნით, მეფე – ღიმილით, ხოლო მოღალატე – პატივის მიგებითა.

* * *

ლომები და ვეფხვები უფრო გაუფრთხილებელნი არიან, ვიდრე ვირთხები და თრითინები.

* * *

ცილისწამებისაგან უმცირესი ჩრდილი მაინც მიადგება ადამიანს.

* * *

ვინც ყველა ციხეს ერთბაშად მოუნდომებს აღებას, საკუთარი და აღებულიც დაეკარგება.

* * *

გადაჭარბებული სტუმართმოყვარეობა ისევე სააუგოა, როგორც წრესგადასული სიძუნწე.

* * *

უჭკუონი და უნამუსონი უკეთ ეწყობიან ამ წუთისოფელში.

* * *

ყოველი კაცი, ვინც სულ აღზევებას მიესწრაფვის, უთუოდ საეჭვოა.

* * *

ყოველ ცოცხალ ადამიანს, ყოველ დიდ მკვლევარს და დიდ მწერალს ოპოზიცია ჰყოლია და ეყოლება მუდამ. ეს საგანთა ბუნების შემცველი კანონია.

* * *

თუ ადამიანს რწმენა აქვს, იგი უძლეველია უთუოდ.

* * *

ჭაღარა არაფერია. მთავარია სულში არ გაუჩნდეს ადამიანს ჭაღარა.

* * *

დიდი კაცის სახელი დიდ რამეებს ავალებს ადამიანს.

* * *

ბუნებას ყველაფერი უდიდესი მიზანშეწონილობითა აქვს გაზომილი.

* * *

როგორც წერას, ისე სროლასაც დროის შერჩევა უნდა.

* * *

ისეთი მამლებიც ბევრია ამქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ყივიან.

* * *

მწერლობა გველზე ნადირობაზე უფრო ძნელია.

* * *

წარმატებას მტრებისა და მეშურნეების გაბოროტებაც მოსდევს.

* * *

სისხლი აკავშირებს, სისხლი სთიშავს ადამიანებს.

* * *

ხელოვანიც ხშირად ლუკმაპურის მონაა.

* * *

გენიოსები დიდ აზრებთან ერთად გაუგონარ პარადოქსებსაც არ თაკილობენ.

* * *

ყოველ ციხეს თავისი ხვრელი მოეძებნება.

* * *

სიამაყის გარეშე წარმოუდგენელია შემოქმედება. ვინც მარმარის გაურანდავი ნაკვეთიდან სილამაზეს, სითბოს და სიყვარულს აღძრავს, იგი უეჭველად ჯადოქარია.

* * *

სანამ დედა ჰყავს კაცს, მუდამ ახალგაზრდად ითვლება.

* * *

დიდი სინათლე არეტიანებს როგორც ნადირებს, ისე ადამიანებს.

* * *

ყოველი ადამიანი, ყოველი ცხოველი, ყოველი საგანი სახიფათოა, დროს გააჩნია მხოლოდ.

* * *

ხელოვნების ნაწარმოები ისევე მოულოდნელად იბადება, როგორიც მეტეორის ქვა ეცემა ციდან.

* * *

რა ეშველებოდა თვით უდიდეს გმირობასაც ამ ქვეყანაზე, პოეტკაცის ენა, მითების მთხზველის ლეგენდა და მხატვრის ყალამი რომ არ მიშველებოდა?

* * *

მითი იყო უპირველესი განზრახვა ღმერთკაცისა და ხელოვანისა, და როცა ყოველივე არარად იქნება, დარჩება ალბათ მითი.

* * *

პირველთაგანვე იყო მითი. ყოველივე მითით შეიქმნა, რაც კი რამ შეიქმნა. მითი წინ უსწრებდა ადამიანის ყოფნას.

* * *

ჯერ არც ერთი მეფე ჭკვიან ვეზირებს არ გაუხდიათ ბრძენი.

* * *

ჩვენს ქვეყანაში მოსული სჯობს ჩვენი ხალხის სილამაზეს აქებდეს უწინარეს ყოვლისა: მთები რომ ლამაზები გვაქვს, ეს ჩვენი დამსახურება როდია. არა მგონია, ჩვენი დიაცების სილამაზეც ჩვენი დამსახურება იყოს. ჩვენი დამსახურება ისაა, ეს ლამაზი ქვეყანა რომ შევირჩინეთ.

* * *

ნამდვილი გმირები ხანდახან ტანმორჩილნი არიან და უჩინარნი.

* * *

ბიჭობა ისაა, იგი აქო, რაც სხვებს არ უქიათ ჯერ (საამისოდ ახლის შენიშვნის უნარიცაა საჭირო).

* * *

ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესად დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წანააღმდეგაც თავად იბრძვის*.

შენიშვნა:

* მწერალს უთუოდ მხედველობაში ჰყავს სოკრატეც, რომელსაც 500 ნაფიცი მსაჯულის სამსჯავრომ სიკვდილი მიუსაჯა ახალგაზრდობის გარყვნისა და ღმერთების გმობისათვის, თუმცა ატიკის პირველი ბრძენი მთელ სიცოცხლეში ზნეობრივი სიწმინდისათვის იბრძოდა.


ნუცუბიძე – ქართული სიბრძნის საგანძურიდან

შალვა ნუცუბიძე (1888 – 1968)

დიდი მოაზროვნე, ეროვნული ფილოსოფიის პატრიარქი, პედაგოგი, მოღვაწე, ორატორი, მთარგმნელი („ვეფხისტყაოსნის“ რუსული თარგმანი და სხვ.), სიბრძნისმეტყველი, ქართული რენესანსის მკვლევარი, რომლის ორიგინალური ფილოსოფიური სისტემით ქართული ფილოსოფია პეტრიწის შემდეგ ახლად ავიდა მსოფლიო ფილოსოფიის დონეზე (ერთ-ერთი პირველი ფილოსოფიური ნაშრომი „ფილოსოფია და სიბრძნე“ გერმანულ ენაზე გამოვიდა 1930 წ.). დაამტკიცა, რომ არეოპაგიტული შრომების ავტორია პეტრე იბერი (V საუკუნე).

* * *

უნივერსალური მოაზროვნის გონებრივი განწყობის გარკვევა ერთბაშად შეუძლებელია… მისთვის ერთი რაიმე საზომის მიყენება გაუმართლებელია: გენიოსი ერთნაირად არის დაინტერესებული ყველაფრით და მის მიმართ ინტერესის ცნებას ცოტა თავისებურად უნდა გამოყენება.

* * *

ზოგიერთის კრიტიციზმი კრეტინიზმში გადადის. ეს ფრიად დამახასიათებელია გონებრივად ვიწრო ადამიანებისათვის, რომელთაც ქმნილებაში ხინჯის ძიება უფრო აინტერესებთ, ვიდრე ჭეშმარიტებისა.

* * *

სიტყვა ცოცხალი ორგანიზმია და დროთა განმავლობაში ხშირად შინაარსს იცვლის.

* * *

ჩვენში ყველაფერს გაპატიებენ, ნიჭს კი არა (ჰაინეს ანალოგია).


სხვადასხვა…

* * *

თქვენ, ვინც აქ ჩემგან იავარქმნილ ქვეყანას ხედავთ,
გული გელევათ, შიშით იგლოვთ დაღუპულ მხედართ,
…გწამდეთ, ეგ თქვენი ტანჯვა გულში მესობა ისრად;
უღელი, თქვენ რომ ეზიდებით, მეც მაწევს კისრად.
შოლტით რომ გცემენ, მეც მეხვევა სიმწრის ღვედებად,
და რაც თქვენს გულებს სერავს, მეც ის ცეცხლად მედება.
მტრად მიმიჩნიეთ! გაქვთ უფლება მიწოდოთ მტერი!
მე ვანთებ იმ ცეცხლს, რითაც უნდა იწვოდეს ერი!
მე ხომ ტირანი პატივსა მცემს, სპარსულად ვიცვამ,
მაგრამ გულით კვლავ ქართველი ვარ, ქრისტესა ვფიცავ!
მე აქ ვშობილვარ, აქ დაირწა ჩემი აკვანი,
ამ მიწაზეა ახლაც ჩემი ტანჯვის საკანი,
მასვე ჩაბარდეს, თქვენდა შვებად და გასახარად,
მონის კი არა, თავისუფალ კაცის ჭაღარა!
…თავისუფლება ან სიკვდილი! ვიხსნათ ძლეული!
რას ქვიან შიში? ის საათი იყოს წყეული,
როცა მტარვალმა ბრძანა, შევკრა ქალი და ბავშვი,
მთლად საქართველო გავირეკო შავ ისპაჰანში!
…ნუღარ გაქვთ შიში ამ ფარ-ხმალში ჩამჯდართა რიცხვის!
უზენაესმა, ვინც მოკვდავთა თავზე თმას ითვლის,
თქვენს სუსტ მოურავს დასცეს მეხი წყრომის და რისხვის,
თუ თავის მამულს და თქვენ, ძმებო, მოგექცეთ ასე,
თუ თქვენთვის ცეცხლი არ დაინთოს ჭაღარა თავზე!

დიდი მოურავი, სიტყვა მარტყოფის ველზე
(ანდრეას გრიფიუსი „ქეთევან ქართველი“)

* * *

ბედნიერება მუდამ მამაცთა მხარეზეა.

პეტრე ივანეს-ძე ბაგრატიონი (1765 – 1812)

* * *

გვაქვს კი რაიმე აშკარა საბუთი იმ დასკვნისათვის, რომ მესროპული ანბანი წინ უსწრებდა ქართულ ანბანს, გარდა იმ პასაჟისა კორიუნის წიგნში „მაშტოცის ცხოვრება“, რომელსაც ზოგიერთი მეცნიერი სრულიად გვიანდელ ინტერპოლაციად (ნასხვაურად, დამახინჯებად) მიიჩნევს? სამაგიეროდ გვაქვს ამის საწინააღმდეგო საბუთი: ზოგ ქართულ ასოთსახელს გავლენა უნდა მოეხდინა სომხური ასოების მესროპულ სახელებზე. მაგრამ უმთავრესი საბუთი ქართული ანბანის მესროპული ანბანური თეორიის წინააღმდეგ, ან თუნდაც გავლენის წინააღმდეგ არის ის ფაქტი, რომ ქართული ბგერა-სიმბოლოები არსებითად განსხვავდება მესროპული ანბანის პრინციპისაგან. ქართული ანბანი მჭიდროდ მიჰყვება ბერძნულ პროტოტიპს, მაშინ როცა სომხური მისგან მთლიანად (ტოტალურად) განსხვავდება…

აკად. თამაზ გამყრელიძე

 

გვერდები: << | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |  13  | 14 | 15 | 16 | >>