ანტიკური საბერძნეთი

ანტიკური ხანის ძველი საბერძნეთი. გვერდი მეოთხე.


არისტოფანე - საბერძნეთი

არისტოფანე (დაახ. 445 – დაახ. 386)

უდიდესი ბერძენი კომედიოგრაფი, რომელმაც კომედია აღზრდისა და პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქცია („მშვიდობა“, „ბაყაყები“, „ლისისტრატე“…)

* * *

სხვას თუ მართებს რამე ჩემი, არასოდეს მავიწყდება;
მე თუ მმართებს რამე სხვისი, არაფერი მაგონდება.

* * *

ჭკვიანი კაცი მტრისგან სწავლობს.

* * *

მოკლე ჭკუას გრძელი ენა აქვს.

* * *

ნუ მიჯავრდებით, ვაჟკაცებო, რომ გამოვდივარ
ჩვენი ქალაქის ჭირ-ვარამზე კომედიებში…
დაიმახსოვრეთ: მე ქალაქზე არ მოგახსენებთ –
არა, კაცუნებს ავხდი ნიღაბს, უსინდისოებს,
პატიოსნება, წესრიგი რომ დავიწყებიათ.


ისოკრატე - საბერძნეთი

ისოკრატე (ძვ. წ. 436 – 338)

გამოჩენილი ბერძენი ორატორი, მწერალი, მოაზროვნე, შექმნა განთქმული რიტორიკული სკოლა, სადაც ახალგაზრდა არისტოტელეც სწავლობდა, შემდეგ კი მის „დაუძინებელ მტრად“ იქცა, თუმცა მისებრ განადიდებდა სიბრძნესა და ენამჭევრობას. თუ სოფოკლეს ფილოქტეტე ამბობს: ჩემთვის სამარცხვინო იქნება დუმილი, როცა უცხოელებს ვალაპარაკებო, არისტოტელემ ასე შეცვალა: ჩემთვის სამარცხვინოდ მიმაჩნია დუმილი, როცა ისოკრატე ლაპარაკობსო. პოლიტიკური მოღვაწის 60 სიტყვიდან შემორჩენილია 21.

* * *

ნუ გგონია, რომ რამე ცუდს ჩაიდენ და დაიმალები, რადგან სხვებს რომ დაემალო, შენს საკუთარ სინდისს ვერსაით წაუხვალ.

* * *

ლაპარაკი დაიწყე ორ შემთხვევაში: როცა შენი სიტყვის საგანი კარგად გაქვს მოფიქრებული, ან როცა რაიმეს თქმა აუცილებელია; მხოლოდ ამ ორ შემთხვევაშია მეტყველება დუმილზე უკეთესი, სხვა შემთხვევებში კი სჯობს გაჩუმდე, ვიდრე ილაპარაკო.

* * *

იოლად ნურავის დუმეგობრდები, მაგრამ თუ დაუმეგობრდი, ეცადე შეინარჩუნო, რადგან ერთნაირად სირცხვილია უმეგობრობა და ბევრი მეგობრის ყოლა.

* * *

მეგობრებიდან ბედნიერ შემთხვევაზე მხოლოდ წვეულნი მოვლენ, უბედურ შემთხვევაში კი თავისით მართებთ მოსვლა, დაუპატიჟებლად.

* * *

როცა შენს პირად საქმეებზე ვინმეს რჩევა უნდა ჰკითხო, ჯერ იმას მიაქციე ყურადღება, როგორ აქვს მოგვარებული თავისი პირადი საქმეები.

* * *

მშობლებს ისე მოექეცი, როგორც ისურვებდი, რომ შენი შვილები მოგექცნენ.

* * *

ნუ ესტუმრები ხშირად და დიდი ხნით ერთსა და იმავე პირებს: ქვეყნად ყველაფერი მოსაწყენი ხდება, ფრიად მრავალგზის განმეორებული.

* * *

გაუფრთხილდი მიბარებულ ნივთს. პატიოსანი კაცის ხასიათი ფიცზე მტკიცეა.


პლატონი - საბერძნეთი

პლატონი (ძვ. წ. 427 – 347)

გენიალური ბერძენი ფილოსოფოსი, ასევე ცნობილია, როგორც პოეტი. ჩვენამდე მოაღწია მისმა 25 ეპიგრამამ.

* * *

ვარსკვლავს უყურებ, ჩემო ვარსკვლავო?
ო, ცა რომ ვიყო, დაგხედავდი მრავალი თვალით!

* * *

ადამიანი რაღაცნაირი სათამაშოა ღმერთის ხელში.

* * *

უმეცარნი არიან მხოლოდ ისინი, რომელთაც სურთ ასეთნი იყონ.

* * *

ვისაც ერთგულების ფიცი არ დაუდვია, ფიცს არასოდეს არ დაარღვევს.

* * *

ყოვლის წამღები დრო თავის სვლაში
ცვლის საგნის ფორმას, ბედს და ბუნებას.

* * *

ცხრა მუზა თქმულა, მაგრამ რიცხვი მეტია მათი:
ლესბოსელ საფოს მიითვლიან, გახდება ათი.

* * *

ერთხელ ესტუმრა კნიდოსს კიპრიდა, აქაფებული ზღვა გადმოსცურა,
რათა ენახა ბოლოს და ბოლოს გამოკვეთილი სახე თავისი.
მიმოიხედა შეშფოთებულმა შემორაგულში და შეიცხადა:
„ნეტავ, სად უნდა ეხილა ასე თავხედ პრაქსიტელს სიშიშვლე ჩემი?“
არა, ქალღმერთო, მას აკრძალული როდი უხილავს მშვენება შენი!
მხოლოდ საჭრეთლით შეეხო იმას, რითაც აღანთე არესის გული.

* * *

აზრები ერთმეორეს იმისათვის ებრძვიან, რომ დასძლიონ შეცდომა და მიაღწიონ ჭეშმარიტებას.

* * *

სხვათა ბედნიერებას რომ ვეძებთ, საკუთარს ვპოულობთ.

* * *

ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია მოთმინება.


არისტოტელე - საბერძნეთი

არისტოტელე (ძვ. წ. 384 – 322)

დიდი ბერძენი ფილოსოფოსი, მეცნიერი, ენციკლოპედისტი, ფილოსოფიის ბრწყინვალე სამეულის მესამე წევრი, ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი, გადმოცემით ასკლეპიოსის შთამომავალი, მაქაონ მესამის ძე. სწავლობდა ისოკრატეს განთქმულ რიტორიკულ სკოლაში, შემდეგ პლატონის აკადემიაში (37 წლისა იყო, როცა პლატონი გარდაიცვალა) – დაახლოებით 365 – 364 წლებში. შემდეგ მას არსებითად დაშორდა. მისი ფილოსოფიის არსი, თუნდაც თანადროულის თვალსაზრისით, ისაა, რომ სიცოცხლე მთელი მისი ნაირსახეობით გამსჭვალულია და უნდა იყოს კიდეც გამსჭვალული აზრით, შინაარსით, მეცნიერული მიზნებით. აზრი აქვს თვით ბოროტებას, უხამსობას, უაზრობას, რომელსაც თავისი ფორმა მოეპოვება: ვთქვათ, ქვიშის უფორმო ზვინს აქვს თავისი „ეიდოსი“ – „სახილველი სახე“. სიცოცხლის ყოველი ფორმა დატვირთულია ცხოვრებისეული პოტენციებით, და ამ ეიდოსის გარეშე ვერც უაზრობას წარმოვიდგენთ. კაცის ვალია ახსნას რთული ბუნება, ჩასწვდეს „კვერცხის გულში მხტუნავი წერტილის“ არსს და ა. შ.

* * *

არ ვიცი, რა ძალა მეწევა შენკენ. რაზედაც არ უნდა ვიფიქრო, ყველაფერი მეჩვენება დიადი და საოცარი. ვერას ვხედავ (შენს მოქმედებაში) დასავიწყებელს… დრო აქ ვერაფერს დაბურავს ბინდით, რამეთუ სწავლების მშვენიერ რჩევებს მაყურებლად ჰყავთ მარადისობა. ამიტომ ეცადე შენი ძალაუფლება აქციო არა ქედმაღლობად, არამედ ქველ საქმეებად და სათნოებად, რომელზე აღმატებულიც ქვეყნად არაფერია. ადამიანს, ბუნებით მოკვდავს, გარდუვალი სიკვდილის შემდეგ თავისი საქმეების წყალობით შეუძლია უკვდავთა ხსოვნა მოიპოვოს. გახსოვდეს ერთი: ზოგიერთივით უგნური აღზრდა არ მიგიღია; ჩამომავლობაც ბრწყინვალე გაქვს, სამემკვიდრეოდ მიღებული სამეფოც და სწავლა-განათლებაც. საქვეყნო სახელიც მოგიპოვებია. რამდენადაც ბედის წყალობით გამოირჩევი, ამდენად უნდა პირველობდე ვაჟკაცობაში და მშვენიერ საქმეებში. სხვათა შორის, ჩანაფიქრის განხორციელებასთან ერთად სასარგებლო საქმეებიც გააკეთე.

წერილი ალექსანდრე მაკედონელს

* * *

იდეალური ადამიანი ბედნიერია უკვე იმით, რომ სხვებისთვის ზრუნავს, მაგრამ რცხვენია სხვისაგან წყალობის მიღება. ამაღლებული, დიდბუნებოვანი ადამიანები სიკეთეს თესავენ, მდაბალნი კი მას იღებენ.

* * *

იმისთვის კი არ ვმსჯელობთ, რომ ვიცოდეთ, რა არის სათნოება, არამედ იმისათვის, რომ კარგი ადამიანები გავხდეთ.

* * *

ბუნებამ ადამიანს ხელთ მისცა იარაღი – გონებრივი მორალური ძალა, მაგრამ მას შეუძლია ეს იარაღი უკუღმართადაც გამოიყენოს; ამიტომ სათანადო მორალური საფუძვლების გარეშე ადამიანი ხდება ყოვლად უკაცური და მხეცური, მდაბალი, თავისი სქესობრივი და გემოვნების ინსტიქტების ამყოლი.

* * *

სრულყოფილებამდე ამაღლებული ადამიანი ყველა ცხოველზე აღმატებულია. მაგრამ ყველა ცხოველზე დაბლა დგას, თუ უკანონოდ და უსამართლოდ ცხოვრობს. ჭეშმარიტად, არა არის რა შეიარაღებულ უსამართლობაზე შემზარავი.

* * *

არამზადის სინდისი რომ გავაღვიძოთ, სილა უნდა გავაწნათ.

* * *

მეგობრობა ყველაზე უფრო აუცილებელია ცხოვრებაში, და არც არავინ ისურვებდა უმეგობროდ ცხოვრებას, თუნდაც ყველა სხვა სიკეთე მოიპოვოს.

* * *

ყველას მეგობარი არავისი მეგობარი არაა.

* * *

გავარკვიოთ: წარმოიშვა ცა თუ არ წარმოიშვა?.. ყველა ამტკიცებს; რომ ის წარმოიშვა, და თანაც რომ ის მარადიულია – რითაც შეუძლებელს ქადაგებენ. თითქმის ყველაფერი და ყველა შემთხვევა გვეუბნება, რომ ყოველივე, რაც წარმოიშობა, ნადგურდება კიდეც… კოსმოსი არ შეიძლება იყოს განადგურებისაგან დაზღვეული არც მაშინ, თუ არასოდეს არ ყოფილა სხვა მდგომარეობაში, და არც მაშინ, თუ შეუძლია იყოს სხვა მდგომარეობაში (მომავალში).

„ცის შესახებ“, X.

* * *

ურიგო ჩვევიდან ვითარდება ბილწსიტყვაობაც და უმსგავსი ქცევებიც.

* * *

სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას.

* * *

ყველამ იცის, რომ სიკვდილი გარდუვალია, მაგრამ რაკი შორსაა, არავინ ამაზე არ ფიქრობს.

* * *

პლატონს პატივსა ვცემ, მაგრამ ჭეშმარიტებას კიდევ მეტად (ჩემთვის ძვირფასია მეგობრება და ჭეშმარიტება, მაგრამ მოვალეობა ბრძანებს, უპირატესობა ჭეშმარიტებას მივაკუთვნო).

* * *

ადამიანი თავისი ბუნებით საზოგადოებრივი არსებაა.

* * *

ყოველმა ადამიანმა ხელი უნდა მოჰკიდოს ისეთ საქმეს, რაც მისთვის შესაძლებელია, და რაც მას ეკადრება.

* * *

თუ დასაწყისი არის, საქმის ნახევარზე მეტია (შეად. პლატონი: „კარგი დასაწყისი – საქმის ნახევარია“).

* * *

არაფერი ისე არ ცვეთს და ანგრევს ადამიანს, როგორც ხანგრძლივი ფიზიკური უმოქმედობა.

* * *

ვნებებს ის კი არ იმორჩილებს, ვინც მათგან სრულიად იკავებს თავს, არამედ ის, ვინც მათ ისე იყენებს, როგორც მართავენ გემს ან ცხენს, ესე იგი იქით მიჰყავთ, საითაც საჭირო და სასარგებლოა.

* * *

ესა თუ ის საგანი მაშინ ვიცით, როცა შევიცნობთ მის საწყისს, მიზეზს და შემადგენელ ნაწილებს. ამიტომ ბუნებაშიც უნდა შევეცადოთ ჩავწვდეთ მის საწყისებს, რაზედაცაა დაფუძნებული მეცნიერული ცოდნა.

„ფიზიკა“, I.

* * *

შეცდომას მრავალნაირი გზა აქვს, სწორად მოქმედებას – ერთადერთი. ამიტომ პირველი იოლია, მეორე ძნელი. მიზანს იოლად ააცდენ, ძნელად მოახვედრებ.

* * *

ვაჟკაცი ისაა, ვინც უშიშრად ეგებება ამაღლებულ სიკვდილს.


ალექსანდრე მაკედონელი - საბერძნეთი

ალექსანდრე მაკედონელი (დიდი, 356 – 323 ძვ. წ.)

გენიალური მაკედონელი სარდალი, 336 წლიდან მაკედონიის მეფე, დაიპყრო საბერძნეთი, ეგვიპტე, სპარსეთი, ინდოეთი; განზრახული ჰქონდა მსოფლიოს დაპყრობა, მაგრამ ლაშქრობისას გარდაიცვალა 33 წლისა. სამეფო დაიშალა. ლეონტი მროველის მიხედვით, ალექსანდრემ საქართველოც დაიპყრო, სინამდვილეში კი მაკედონელს საქართველოში „ფეხიც არ დაუდგამს“ (ლევან სანიკიძე). ამდენად, მცდარია ცნობა, თითქოს მაკედონელს ქართლის პატრიკად თავისი სარდალი აზო დაენიშნოს. ამ აზრისა არიან დ. ბაქრაძე, ივ. ჯავახიშვილი, ს. ყაუხჩიშვილი, კ. კეკელიძე, ლ. სანიკიძე და სხვანი. უფრო მართებული ჩანს „ნინოს ცხოვრების“ („მოქცევაი ქართლისაის“) ცნობა, რომლის მიხედვითაც „არიან-ქართველთა მეფის ძე აზო მოვიდა მცხეთას, აღმართა კერპნი გაცი და გა, და იყო პირველი მეფე ქართველთა, და მოკვდა, და დაჯდა ფარნავაზ“. მარკო პოლოს ცნობაც ძალზე ავტორიტეტულია: ალექსანდრემ ვერ დაიპყროო საქართველო.

* * *

ცოლად დარიოსის ასული შემირთავს და ჩემს მეგობრებსაც ვურჩიე სპარსელი ქალები შეერთოთ, რათა წაშლილიყო ყოველი განსხვავება გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს შორის. აზია და ევროპა ახლა ერთი სამეფოა. ქვეყნიერებას ერთი მეფეც ეყოფა. გათანასწორდით! ერთგვარი უნდა იყოს ყველას უფლება, ვინც ერთი ხელმწიფის ძალაუფლების ქვეშ ცხოვრობს.

პლუტარქე, ალექსანდრე, 10

* * *

პატროკლე რომ მოკვდა, აქილევსიც მალე გადაჰყვა. მეც ეს მომელის.

32 წლის ალექსანდრე მაკედონელი (თავისი
მეგობრის ჰეფესტიონის გარდაცვალების გამო).

* * *

მე არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ: მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს.

* * *

მე, მართალია, ბევრი მსხვერპლი ვითხოვე, მაგრამ ბევრი აქედან ჟამთა და გარემოებათა მსხვერპლია… მე რომ მოვკვდები, ჩემო სარდლებო, თქვენ ერთიმეორეს დაჭამთ, ჩემს სამარეს კი ნაგავს დააყრიან, მაგრამ იმავე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტს და გამოჩნდება ჩემი საქმე, ღირსი ბრძენთა გაოცებისა.

* * *

იქნებ არც ისე დიდი იყო აქილევსი, მაგრამ დიდ მაქებელს შეხვდა ჰომეროსის სახით.

* * *

მე მირჩევნია აქილევსი ვიყო და სხვამ მაქოს, ვიდრე ვიყო ჰომეროსი და სხვა ვაქო.


გვერდები: << | 1 | 2 | 3 |  4  | 5 | >>